ისტორია და ფაქტები პარაგლაიდინგის შესახებ
დღესდღეობით მსოფლიოში ათასობით ადამიანი ერთობა პარაგლაიდინგით. იგი ამჟამად ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებადი სპორტია მსოფლიოში. ის რაც პარაგლაიდიგში პილოტს ფრენისათვის სჭირდება, არის მხოლოდ კეცვადი ფრთა, რომელიც მარტივად თავსდება ზურგჩანთაში და ამ ფრთაზე ჩამოსაკიდი ჩასაჯდომი სავარძელი (Harness). პარაპლანი წარმოადგენს სრულიად დახვეწილ, უნიკალურ საფრენ მოწყობილობას მისი პორტატულობის გამო.
პარაგლაიდინგის დაბადაბის თარიღი უკავშირდება პირველ მსოფლიო ომს, როდესაც პირველად პარაშუტი გამოყენებული იყო სრულიად სხვა მიზნით, ვიდრე ადამიანის მიწაზე რბილად დაშვებაა, კერძოდ, სამხედრო საზღვაო ფლოტის პარაშუტისტები თოკებით ებმებოდნენ გემის უკანა ბორტზე, ჰაერში იწეოდნენ და ზევიდან ზვერავდნენ ზღვის ჰორიზონტზე მტრის შორეულ ხმელეთს.
უშუალოდ პარაგლაიდინგის ფესვები იწყება პარაშუტის სპორტით. პარაშუტისტს თვითონ უნდა მოეხერხებინა ფრენის ტრაექტორიის კონტროლი და მთლიანად არ უნდა მინდობოდა მხოლოდ თავისუფალ ვარდნას. ამ მიზნისათვის, გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკელმა ინჟინერმა და პარაშუტისტმა პიერ ლემოიგნმა (Pierre Lemoigne) წარმატებით გამოსცადა პირველად, ზოლებად ჩაჭრილი პარაშუტი, რომელიც ჰაერის ნაკადს მასში ატარებდა. ასეთმა მანერამ მნიშვნელოვნად იმოქმედა პარაშუტის სწორად ვარდნაზე, რამაც საშუალება მისცა პილოტს წინასწარ განსაზღვრული ტრაექტორიით ეფრინა.
1962 წელს ინგლისში, ინჟინერმა ვალტერ ნიუმარკმა (Walter Newmark) ყურადღება მიაქცია ლეიმოინგის პარაშუტის დიზაინს და მოახერხა მისი მოდიფიკაცია ისე, რომ პარაშუტს შესძლებოდა ჰაერის აღმავალი ნაკადების მეშვეობით ზევით ასვლა. 60-იან წლებში პარაშუტით ხტომა ინგლისში ძალზედ პოპულარული სპორტი გახდა.
პარაგლაიდინგისათვის საჭირო ფრთა, დაახლოებით იმ ფორმისა რომელსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ, პირველად 1950-იან წლებში შეიქმნა, მას შემდეგ რაც პარაშუტის მოდიფიცირებული ვარიანტი, ე.წ პარაკომენდერი (Paracommender) შეიქმნა, მის გუმბათს ჰქონდა წაგრძელებული ფორმა, ხოლო უკან სპეციალურად, მანევრირებისათვის განთავსებული იყო საჰაერო არხები და ხვრელები (იხ. სურ. 1)
სურ 1. პარაკომენდერი მოდელები (მარჯვნივ: პიერ ლიმოიგნი (Pierre Lemoigne) პარაკომანდერით ფრენის დროს)
კანადელი დომინა ჯალბერტი (Domina Jalbert) იყო პირველი პარაგლაიდერი, რომელმაც პარაგლაიდინგს როგორც სპორტს ჩაუყარა საფუძველი 50-იან და 60-იან წლებში. კანადიდან ფლორიდაში (აშშ) გადასახლების შემდეგ მან დააფუძნა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი აეროლოგიაში, ხოლო 1952 წელს ჯალბერტმა მსოფლიოში პირველმა შექმნა „პლანირებადი პარაშუტი“, რომლის მართვის კონტროლიც მეტნაკლებად ადვილი იყო ჰაერში პილოტისთვის. მას ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა იმ პარაშუტებთან შედარებით, რომლებსაც წინა წლებში იყენებდნენ. 50-იანი წლებში, ჯალბერტის შრომების შემდეგ ბევრმა შეამჩნია მისი აღმოჩენის პოტენციალი. იმ დროისათვის უკვე საზოგადოება საუბრობდა იმაზე, რომ შესაძლებელია დამდგარიყო ისეთი დღეც, როდესაც ადამიანი გაიქცეოდა მთის წვერზე და იქიდან შეძლებდა გადმოფრენას, ან თუნდაც ციცაბო კდლიდან გადაეშვებოდა „პლანირებადი პარაშუტით“.
მეუღლეებმა ფრანციზ და გერტუდ (Francis and Gertrude (აშშ)) როგალოებმა დაასრულეს მსოფლიოში პარაგლაიდინგის ეს შესანიშნავი ათწლეული მას შემდეგ, რაც გამოიგონეს ე.წ როგალოს ფრთა (Rogallo Wing) (იხ. სურ. 2), რომლის თავდაპირველი დიზაინი ნასასთვის (NASA) იყო შექმნილი, კოსმოსური ხომლდების კაფსულების დასაშვებად, ხოლო შემდგომში ეს ტექნოლოგია გამოყენებული იქნა პარაპლანებსა და დელტაპლანებში.
სურ 2. ე.წ როგალოს ფრთით, ნასას კოსმოსური კაფსულის დაშვება
დომინა ჯალბერტსმა (Domina Jalbert) პარაგლაიდინგის განვითარების ისტორიაში შეიტანა უდიდესი წვლილი 1960 წელს მას შემდეგ, რაც გამოიგონა „მრავალ-სექციანი ფრთის ტიპის საჰაერო ხელსაწყო“ (Multi-cell Wing Type Aerial Device), დაპატენტებული 1960 წელს. ეს ტექნოლოგია მაშინვე გავრცელდა ისეთ სპორტებში როგორებიცაა სკაიდაივინგი, პარაგლაიდინდი და ფრან-სერფინგი. 1964 წელს მან შექმნა „ჰაერით შევსებადი ფრთა“ (Ram Air Canopy), რომელიც მას შემდეგ ღებულობდა ფრთის ფორმას, როდესაც იგი ჰაერთ გაივსებოდა ( იხ სურ. 3).
სურ. 3. პარაპლანის მოდიფიცირებული ვარიანტების ცნობილი გამომგონებელი-
დომინა ჯალბერტი (Domina Jalbert)
1965 წელს დევიდ ბერიში (David Barish) მუშაობდა ე.წ „საიალქნო ფრთაზე“ (Sail Wing), რომელიც თავიდან ასევე გამიზნული იყო ნასას კოსმოსური კაფსულებისათვის. ნიუ-იორკში, ე.წ „მონადირის მთაზე“ მისი პირველი ტესტირების შემდეგ ბერიშმა ამ ფრთას „ფერდობზე მონავარდე“ უწოდა (Slope Soaring), ხოლო ამის შემდეგ დაიწყო მისი პოპულარიზაცია საკურორტო აქტივობებში. შესაძლოა, სწორედაც დევიდ ბერიშია ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა პარაგლაიდინგის ისტორიაში რადგანაც სწორედ მან მისცა პარაგლაიდინგს, როგორც დარგს, ის მიმართულება, როგორსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ.
1960 წელს პირველად ნასას მიერ იქნა შემოტანილი ტერმინი „პარაგლაიდერი“ ხოლო სიტყვა „პარაგლაიდინგი“ მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა 1970 -იან წლებში.
დიდი ბრიტანეტის „პარასენდინგის“ (Parascending) საჰაერო ასოციაციამ, რომლის დამფუძნებელიც, ზემოთ ხსენებული – ვალტერ ნიუმარკი იყო, პირველად დააარსა პარაგლაიდინგის ორგანიზაცია, როგორც სპორტის ერთერთი სახეობა. 1978 წელს ალპების მთებში, სამმა პროფესიონალმა ფრანგმა პარაშუტისტმა: ჟან-კლაუდე ბატემპსმა (Jean-Claude Betemps), ანდრე ბონმა (Andre Bohn) და ჟერარდ ბოზონმა (Gerard Bosson) შესანიშნავად დახვეწეს გარბენით პარაგლაიდინგის ფრენის დაწყების ტექნიკა, ხოლო 1979 წელს, ჟერარდ ბოზონმა დელტაპლანების მსოფლიო ჩემპიონატზე პარაგლაიდინგი საბოლოოდ ცნობილი გახადა როგორც მსოფლიო-კლასის სპოტის ახალი სახეობა. ათი წლის შემდეგ კი, ავსტიაში უკვე პირველი მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა პარაგლაიდინგში.
ჟერარდ ბოზონი (Gerard Bosson) პარაპლანით ფრენის დროს (2009წ)
დღესდღეობით „პარაგლაიდინგი“ საზოგადოებაში ასოცირდება ულამაზეს სპორტთან, რომლითაც მსოფლიო მასშტაბით ათასობით ადამიანია დაკავებული და მათ შორის, რათქმაუნდა ჩვენი მოქალაქეებიც. მართალია ალპების მთები ყველაზე ცნობილია პარაგლაიდინგით, თუმცა მსოფლიოს არც სხვა ადგილებია ნაკლებად პოპულარული. მსოფლიო მასშტაბით პარაგლაიდერების უმეტესობა ევროპელები არიან. სპორტის ეს სახეობა ძალზედ განვითარებულია გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში. უამრავი შესანიშნავი ადგილია ჩრდილო ამერიკაში, სადაც აღნიშნული სპორტით არიან დაკავებულნი. სან-ფრანცისკოს მიდამოებში იშლება უნიკალური ადგილები პარაგლაიდინგისათვის, ასევე კავკასიის მთების სამხრეთით, საქართელოში უნიკალური, მსოფლიო დონის მნიშვნელობის ადგილებია პარაგლაიდინგის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის, რაშიც ქართველი Xcaucasus-ის გუნდის ახალგაზრდა წევრებიც აქტიურად არიან ჩართულნი.
გუდაური. Xcaucasus-ის გუნდის წევრები, პარაგლაიდინგში ვარჯიშის დროს
ჩვენს ქვეყანაში უცხოეთიდან ჩამოსული პარაგლაიდერები წელიწადის სხვადასხვა სეზონზე აქტიურად ვარჯიშობენ სხვადასხვა ლოკაციებზე, რადგან საქართველო მათ სთავაზობს ისეთ კლიმატურ პირობებს, რასაც ბევრი სხვა ქყეყანა ვერ შესთავაზებდა.